დიდუბე, თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი ძველად, ქალაქის ტერიტორიული ნაწილი 1870-იანი წლებიდან. მდებარეობს მდინარემტკვრის ნაპირის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე. წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი დუბე" ე. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი" (V ს.). დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195) შემდეგ აქ გამართულ სახალხო ზეიმს აგვიწერს. XII საუკუნეში დიდუბე სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. დიდუბეში არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა. XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, დიდუბეში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში იგი ქალაქპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ი. ა. გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772) აღნიშნულია დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევები. XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე. წ. „ბაღის არხი". 1818 წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. ამ დროიდან დიდუბის ამ ნაწილს ალექსანდერდორფიეწოდა. 1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის გამო დიდუბის ტერიტორია ორად გაიყო. რკინიგზის მუშები უნებართვოდ სახლდებოდნენ რკინიგზის გადაღმა მდებარე დიდუბის მიწებზე, ამიტომ ამ ტერიტორიას ნაძალადევი (რუსულად ნახალოვკა) დაერქვა. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებულმა აჯანყებამ დიდუბეშიც ჰპოვა გამოძახილი. 23 დეკემბერს მეფის ჯარი დიდუბეში შეიჭრა. მუშათა შეიარაღებულმა რაზმებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ჯარმა მთელ უბანს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, რამაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლითის დასასრულისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ. IV ათასწლეულისბოლო) ნამოსახლარი, მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი (გაითხარა 1930, ხელმძღვანელი გ. ნიორაძე). ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა სადაა, მოვარდისფრო-ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპებითა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშტაშენში, კიკეთში, კოდში, სამშვილდეში. დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონიია. დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია
|