400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 2024-11-21, 1:44 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » ეკლესია
6:24 PM
ეკლესია

ეკლესია - (ბერძნ. εκκαλεω - ვიწვევ, ვკრებ); ასეთივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა იგი ძველ აღთქმაშიც.

ახალ აღთქმაში ამ სახელდებას შეუდარებლად უფრო ღრმა და საიდუმლო შინაარსი აქვს. ეკლესიის ხასიათის ახსნა ყველაზე კარგად ბიბლიაში მოყვანილი მიმსგავსებებით შეიძლება.

ახალი აღთქმის ეკლესია არის საღვთო ახალი ნერგი, ბაღი ღვთისა, ვენახი ღვთისა. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით, ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით კაცობრიობას ახალი, მადლმოსილი ძალები შესძინა და განახლებული, უხვად ნაყოფისმომცემელი ცხოვრება შეუქმნა. ეს ძალები არსებობს წმიდა ეკლესიაში - "ქრისტეს სხეულში".

წმიდა წერილი მდიდარია ეკლესიის ნათლად გამომსახველი მაგალითებით:

ვაზი და მისი რტოები: "მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. ყოველმან რტომან, რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი, და ყოველმან, რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს... დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა. მე ვარ ვენახი, და თქუენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას... ამით იდიდოს მამაი ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე" (ინ. 15,1-8).

მწყემსი და სამწყსო: "ამენ, ამენ გეტყვ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხვით-კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი... ამენ, ამენ გეტყვით თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაი... მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს: შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს... მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის... მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ... სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მიყვანებად ჩემდა და ხმისა ჩემისა ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს" (ინ. 10,1-16).

თავი და სხეული: "ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა. რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (ეფ. 1,22-23).

მშენებარე შენობა: "ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა თავ-საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ, რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, რომელსა-ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკვიდრებელად ღმრთისა სულითა" (ეფ. 2,19-22).

სახლი, ოჯახი: "ვითარ-იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაი, რომელ არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი" (I ტიმ. 3,15); "ხოლო ქრისტე, - ვითარცა ძე სახლსა ზედა მისსა: რომლისა სახლ ვართ ჩუენ, უკუეთუ კადნიერებაი იგი და სიქადული სასოებისაი მის ვიდრე აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ" (ებრ. 3,6).

აქვე აღსანიშნავია სხვა სახარებისეული სახეები: მესათხევლეთა ბადე, დათესილი მინდორი, ვენახი ღვთისა.

ეკლესიის მამები ხშირად მიწიერ ეკლესიას ზღვაში მცურავ გემსაც ადარებენ.

პავლე მოციქული ეკლესიის ცხოვრებას ქრისტეში ადარებს ქორწინებას, ცოლ-ქმრულ ურთიერთობას და თავის შეხედულებას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „საიდუმლოი ესე დიდი არს: ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა" (ეფ. 5,32).ქრისტიანული თვალსაზრისით ეკლესიის ცხოვრება თავისი არსით საიდუმლოა, მისი დინება სრულად არც ერთ „ისტორიაში" არ ჯდება. ეკლესია მთლიანად განსხვავდება ამქვეყნად არსებული ნებისმიერი ორგანიზებული საზოგადოებისაგან.

ეკლესიის დაარსება [რედაქტირება]

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით,უფალმა იესო ქრისტემ თავისი ტანჯვის წინ მოწაფეებს აღუთქვა სულიწმინდა-ნუგეშინისმცემლის გამოგზავნა, რომელიც მარადის მათთან დარჩებოდა - ეს იქნებოდა სული ჭეშმარიტებისა, რომელიც ასწავლიდა და შეახსენებდა ყოველივეს, რაც თავად მაცხოვარმა იქადაგა და აუწყებდა მომავალს. აღდგომის შემდგომ უფალი გამოეცხადა მოწაფეებს და გადასცა მათ სულიწმიდისმადლმოსილი ძალა სიტყვებით: „მიიღეთ სული წმიდაჲ. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნებ მათ; და უკეთუ ვიეთნიმე შეპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ. 20,22-23).

ელეონის მთაზე იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები შეპირებული ნუგეშინისმცემლის – სულიწმიდის მოსვლას სასოებით მოელოდნენ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენსიონის მთაზე და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ ოთახში, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი სწორედ იმ ოთახად მიიჩნევს, რომელშიც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრის წინ საიდუმლო სერობა გამართა. ამ დროს იერუსალიმში ქრისტიანთა რაოდენობა მოციქულთა ჩათვლით 120 ადამიანს არ აღემატებოდა.

უწინარესად მოციქულებმა იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ახალი მოციქულის არჩევა გადაწყვიტეს, რათა თადაპირველი რიცხვი მოწაფეთა – თორმეტი, რომელიც თავად იესო ქრისტემ დაადგნა, შესრულებულიყო. გამოარჩიეს ორი მოწაფე, რომლებიც ნათლისღებიდან ამაღლებამდე უფალთან იყვნენ – იოსები და მატათა, როცა წილი ჰყარეს, მეთორმეტე მოციქულად დადგენის პატივი ღვთის განგებით მატათას ერგო.

იდგა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე. პასექიდან ორმოცდამეათე დღეს ძველი აღთქმის მიმდევრებიც დღესასწაულობდნენ, უფლის მიერ მოსესთვის სინას მთაზე სჯულის მიცემას აღსანიშნავად. მადლიერების ნიშნად ისინი უფალს პირველ ძნას სწირავდნენ და სინაგოგებსა და სახლებს მწვანე რტოებით რთავდნენ. მოსეს სჯულის მიმდევარნი, რომელი ქვეყნის მცხოვრებნიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ცდილობდნენ ამ დღესასწაულს იერუსალიმში შეხვედროდნენ. მაგრამ გარდა ებრაელებისა, ამდროს წმინდა ქალაქისაკენ უცხო ეროვნების ადამიანებიც მოიჩქაროდნენ, რომელნიც მოსეს რჯულზე იყვნენ მოქცეულნი და ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს.

როცა დღის სამ, ჩვენებურად დილის ცხრა საათზე(იუდეველები საათებს მზის ამოსვლიდან ითვლიდნენ), ქრისტეს მიმდევრები ერთად ლოცულობდნენ. უცებ ძლიერი ქარის ამოვარდნის ხმა გაისმა და მოციქულებს სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით ზედ დაადგა. მისი მადლით აღვსილი მოწაფეები მაშინვე სხვასადხვა ენაზე ალაპარაკდნენ და იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ერის შვილებს თავთავიანთ ენაზე მიმართეს. მოციქულთა სიტყვებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დღეს იერუსალიმში დაახლოებით სამი ათასი კაცი მოინათლა და შემდგომადაც "უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა" (საქმ. 2,47). ამ დროიდან იერუსალიმის, მოგვიანებით კი პალესტინის ტერიტორიები, აგრეთვე მთელი რომის იმპერია და მისგან დამოუკიდებელი ქვეყნები თანდათანობით აღივსო ქრისტიანული თემებით - ეკლესიებით. სახელი "ეკლესია" განუყოფელი იყო თითოეული ქრისტიანული თემის, სახლისა და ოჯახისაგანაც კი. ეს მიუთითებს ამ ნაწილების მთელთან - ქრისტეს ეკლესიის სხეულთან ერთიანობაზე.

"ქრისტეს სხეული" - ეკლესია "ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა" (კოლ. 2,19). მოციქული ნაგებობას ადარებს ეკლესიას და თან ამტკიცებს, რომ მისი მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, იგი გრძელდება: "ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად უფლისა მიერ" (ეფ. 2,21). ეს ზრდა მიწიერი ეკლესიის მარტო ხილულ, რაოდენობრივ მატებას არ გულისხმობს: იგი უფრო სულიერ ზრდას, წმიდანებად შერაცხვასა და ზეციურ-მიწიერი სამყაროს სიწმიდით აღვსებას ეხება. ეკლესიის მიერ აღესრულება მამა ღმერთისაგან განსაზღვრული განგებულება "აღვსებისა მას ჟამთაისა, თავყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაი-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (ეფ. 1,10).

ეკლესიის მიწიერ ზრდაში მოიაზრება მისი საღვთისმსახურო და კანონიკური ურთიერთობების განვითარება, წმიდა მამათა ნაწერებით გამდიდრება, ამქვეყნიური არსებობისთვის აუცილებელი გარეგნული ფორმების გაფართოება.

ეკლესია ქრისტიანთა სულიერი სახლია. ქრისტიანის ფიქრები და ქმედებები მჭიდროდ უკავშირდება მას, როგორც მშობლიურ სახლს და უფრო მეტსაც კი. სანამ ამქვეყნად ცხოვრობს, ადამიანს მართებს ეკლესიაში აღასრულოს თავისი ცხონების საქმე, მის მიერვე ბოძებული მადლმოსილი საშუალებები გამოიყენოს განწმედისათვის. ეკლესია თავის შვილებს ზეციური სამშობლოსათვის ამზადებს.

თუ როგორ და რა ჩვეული თანმიმდევრრბით ხდება საღვთო მადლის მოქმედებით ადამიანის სულიერი აღორძინება და ზრდა, თუ რა დაბრკოლებათა გადალახვა მართებს მას ცხონების გზაზე, თუ როგორ უნდა მიესადაგოს აუცილებელი პირადი ძალისხმევა საღვთო მადლმოსილ შემწეობას - ყოველივე ამას გვამცნობს საღვთისმეტყველო და სასულიერო მეცნიერებათა განსაკუთრებული დარგები, რომელთაც ზნეობრივი ღვთისმეტყველება და ასკეტიკა ეწოდება.

ერთი [რედაქტირება]

ბერძნულ ენაში სიტყვა "ერთი" გამოხატულია რიცხვითი სახელით (εν μιαν), მაშასადამე, სარწმუნოების სიმბოლო აღიარებს, რომ ეკლესია ერთია და:

• შინაგანად განუყოფელი;

• გარეგნულად მის გვერდით არ არსებობს კიდევ სხვა ეკლესია.

ეკლესიის ერთობა ზედაპირული გაერთიანება არ არის, იგი შინაგან თანხმობასა და ერთსულოვნებაში მდგომარეობს. "ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფ. 4,4-6).

მაცხოვარი ეკლესიას იგავთა საშუალებით გამოსახავს და ამასთან საუბრობს ერთ სამწყსოზე, ცხოვართა ერთ სადგომზე, ერთ ვაზსა თუ ერთ მთავარ ქვაზე. უფალმა მოგვცა ერთი სწავლება, ერთი ნათლობა და ერთი ზიარება, მორწმუნეთა ერთობა ქრისტეში იყო მაცხოვრის სამღვდელთმთავრო ლოცვის თემა მისი ჯვარზე ვნების წინ: "ყოველნი ერთ იყვნენ" (ინ. 17,21) - ასე ლოცულობდა უფალი.

ეკლესია ერთია როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. მის გარეგნულ ერთობაში იგულისხმება სარწმუნოების ერთსულოვანი აღიარება, ერთი ღვთისმსახურება და საიდუმლოებანი, მოციქულებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული მადლმოსილი იერარქიის ერთობა და ერთიანი კანონიკური მოწყობა.

მიწიერ ეკლესიას გააჩნია ხილული და უხილავი მხარეები. უხილავია მისი თავი - ქრისტე, მისი განმაცხოველებელი სულიწმიდა. ეკლესიის შედარებით სრულყოფილ წევრთა სიწმიდეში უხილავად აღესრულება მისი საიდუმლო შინაგანი ცხოვრება. ეკლესია ხილულიც არის იმიტომ, რომ მისი წევრები ცოცხალი ადამიანები არიან: მას ჰყავს ხილული იერარქია და ხილულად ასრულებს ლოცვასა და მღვდელმოქმედებებს: ღიად, სიტყვიერად აღიარებს ქრისტესადმი რწმენას.

ეკლესია ერთი მაშინაც იქნება, თუკი მის გვერდით გაჩნდება ქრისტიანული საზოგადოებები, რომლებიც მას არ ეკუთვნიან. ისინი ეკლესიის გარეთ დგანან და მასში არ არიან.

არ ირღვევა ეკლესიის ერთიანობა არადოგმატური ხასიათის დროებითი განხეთქილებების გამოც. ეკლესიათა შორის უთანხმოება არცთუ იშვიათად ჩნდება არასაკმარისი ცოდნისა და არასწორ მონაცემთა წყალობით. ურთიერთობათა დროებითი შეწყვეტა ხანდახან ცალკეული იერარქების პირადი ცდომილებების გამო ხდება, რომლებიც სათავეში უდგანან ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიას და არღვევენ მის კანონებს, თუ ძველი ტრადიციით დადგენილი ერთი საეკლესიო ტერიტორიული ერთეულის მეორისადმი დაქვემდებარების წესს. მეტიც, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ადგილობრივ ეკლესიაში მოხდეს ისეთი შიდა ძვრები, რომლებიც დააბრკოლებენ სხვა ეკლესიებთან მის ურთიერთობას მანამ, სანამ მასში არ გამოჩნდებიან და გაიმარჯვებენ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი დამცველნი. დასასრულ, პოლიტიკურ გარემოებათა გამო შეიძლება ეკლესიათა შორის კავშირი დიდი ხნით მოიშალოს, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა ისტორიაში; ასეთ შემთხვევებში განყოფა მხოლოდ გარეგნულ ურთიერთობათა დონეზე ხდება. იგი არ ეხება და არ არღვევს შინაგან სულიერ ერთობას.

ერთი ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს მისი წევრების მართლმადიდებლური რწმენა და არა ამა თუ იმ მომენტში მათი რაოდენობა. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი II მსოფლიო კრების წინ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ წერდა:

"ეს ყანა ოდესღაც იყო მცირე და ღარიბი... ეს არ ყოფილა ნათესი, რომლის გალეწვა, გათიბვა და ბეღელში (შენახვა) ღირდა, მასზე არ იდგა ზვინები, ძნები, მხოლოდ პატარა, ქორფა ბალახები ხარობდნენ, ისეთები, როგორიც სხვენზე იზრდება ხოლმე, რომლებითაც "არა აღივსო ხელი თჳსი მომკალმან". მათ არ დალოცავენ მიმომსვლელნი (ფს. 128,6-8). ასეთი იყო ჩვენი ყანა, ჩვენი მოსავალი! მაგრამ იგი დიდია, მსუყე და უხვი დაფარულთმხედველის თვალში... მაგრამ ის ხალხისთვის უცნობია, ერთ ადგილზე არ არის თავმოყრილი და ნელ-ნელა ივსება".

ეკლესიათა შორის შესაძლო უთანხმოებათა შეწყვეტის თხოვნა საეკლესიო ლოცვებშიც გვხვდება: „დააცხვრე განხეთქილება ეკლესიათა, დაშრიტენ აღძრვანი წარმართთანი... დაარღვიენ ძალითა სულისა შენი წმიდისათა..." (ევქარისტიული ლოცვა წმ. ბასილი დიდის ლიტურიაზე),"... ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა სახიერსა, და კაცთ-მოყვარესა, სამებასა ერთ-არსებასა, დიდების-ვმეტყველებთ და გევედრებით, შენდობასა ბრალთასა, სოფლისა მშვიდობასა, და ეკლესიათა ერთობასა" (საკვირაო შუაღამიანის კანონი, ხმა 8, გალობა 9).

წმინდა [რედაქტირება]

უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა ამქვეყნიური მსახურებისა და ჯვარზე სიკვდილის ღვაწლი. „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთვს... რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თვსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო" (ეფ. 5,25,27). ეკლესია წმიდაა მისი თავის - იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმიდისა და მისი მადლმოსილი ნიჭების არსებობით, რომელთაც საიდუმლოთა ასრულების დროს ან სხვა მღვდელმოქმედებებით ვეზიარებით: წმიდაა ზეციურ ეკლესიასთან თავისი კავშირით.

თავად ეკლესიის სხეული არის წმიდა. "უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი" (რომ. 11,16). ვინც იწამა ქრისტესი, ისინი "ტაძარნი ღმრთისანი", „ტაძარნი... სულისა წმიდისანი" არიან (I კორ. 3,16; 6,19). ჭეშმარიტ ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ და არიან უმაღლესი სულიერი სიწმიდის მქონე, გამორჩეული ნიჭებით მადლშემოსილი ადამიანები: მოწამენი, ქალწულნი, მოსაგრენი, ღირსნი, მღვდელმთავარნი, მართალნი, ნეტარნი. ეკლესიას სააქაოდან გასული ყველა დროისა და ხალხის მართალთა ურიცხვი კრებული ჰყავს. ეკლესიაში ვლინდება სულიწმიდის განსაკუთრებული ნიჭები როგორც ხილული ფორმით, ისე ამა სოფლის თვალთაგან დაფარულად.

ეკლესია წმიდაა თავისი მოწოდებითა და დანიშნულებით. წმიდაა მისი ნაყოფი: "ნაყოფი თქუენი სიწმიდედ და აღსასრულსა - ცხორება საუკუნო" - გვასწავლის მოციქული (რომ. 6,22).

ეკლესია აგრეთვე სარწმუნოების სუფთა, უცდომელი სწავლებით არის წმიდა. "ეკლესია ღმრთისა ცხოველისა", საღვთო წერილის მიხედვით, არის "სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (I ტიმ. 3,15). აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქები ეკლესიური სწავლების უცდომელობის თაობაზე ასე მსჯელობენ: "ეკლესიის უცდომელობის აღიარებით ჩვენ არაფერს სხვას არ ვამტკიცებთ, თუ არა ზუსტად იმას, რომ იგი უცვალებელი და დაარსებიდან იგივეა, როგორც საღვთო სწავლება".

ეკლესიის სიწმიდეს ვერ შებღალავს მასში რაიმე ამსოფლიურის შეჭრა ან ადამიანთა ცოდვები. ეკლესიის გარემოში მოხვედრილი ყოველივე ცოდვითი და ამქვეყნიური მისთვის მაინც უცხო რჩება და როგორც სარეველები, მოკვეთისა და განადგურებისთვის არიან განწირულნი. აზრი, თითქოს ეკლესია მარტოოდენ მართალთა და წმიდანთაგან, ანუ უცოდველთაგან შედგებოდეს, არ ეთანხმება ქრისტესა და მისი მოციქულების პირდაპირ სწავლებას. მაცხოვარი თავის ეკლესიას ადარებს მინდორს, რომელზედაც იფქლი ღვარძლთან ერთად ხარობს (მთ. 13,24-30); ბადეს, რომელსაც წყლიდან ამოჰყავს კარგიც და უვარგისი თევზიც (მთ. 13,47-50); ეკლესიაში არიან სახიერი მონებიცა და ბოროტნიც (მთ. 25, 14-30), ბრძენნიცა და სულელი ქალწულებიც (მთ. 25,1-12). „გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიის წევრები ყველანი მართალნი და მხოლოდ მართალნი არიან. ისინი უეჭველად აღიარებენ ქრისტე მაცხოვარისადმი წმიდა რწმენას (რომელიც გადმოგვეცა თავად ქრისტეს, წმიდა მოციქულთა და მსოფლიო კრებათაგან), თუნდაც ზოგი მათგანი სხვადასხვა ცოდვას ექვემდებარებოდეს... ეკლესია მათ ამხელს, სინანულად მოუწოდებს და მაცხოვნებელი მცნებების გზით მიჰყავს. ისინი ამიტომაც რჩებიან და მიიჩნევიან კათოლიკე ეკლესიის წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ექვემდებარებიან. მთავარია, არ განუდგნენ და უერთგულონ კათოლიკე მართლმადიდებელ სარწმუნოებას".

მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც გადალახავენ ცოდვილნი და, როგორც მკვდარი ნაწილები, ისე მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულიდან. ეს მოხდება საეკლესიო მმართველობის ხილული ქმედებებითა და ღვთის სამსჯავროს უხილავი ძალით. ეკლესიას არ ეკუთვნიან უღმერთონი, ქრისტიანულ სარწმუნოებას განდგომილნი, შეგნებული სიჯიუტით გამორჩეული ცოდვილნი, რომლებიც ცოდვების მონანიებაზე უარს აცხადებენ. მათ რიცხვში შედიან ერეტიკოსები, რომლებიც ამახინჯებენ სარწმუნოების ძირითად დოგმატებს, განდგომილნი ანუ განხეთქილებაში გასულნი, რომლებიც თვითნებურად გამოეყვნენ ეკლესიას (ლაოდიკიის კრების 33-ე კანონი კრძალავს განდგომილებთან ლოცვას). წმ.ბასილი დიდი განმარტავს: „ზოგს ძველი ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება, ზოგს კი თვითნებური თავშეყრა. სარწმუნოებიდან გაუცხოებულებსა და მთლიანად მისგან ჩამოცილებულებს ერეტიკოსები უწოდეს. განხეთქილებაში მყოფნი - საეკლესიო საკითხებსა და კურნების დაშვების თაობაზე განყოფილებს დაარქვეს. თვითნებური თავყრილობები - ეს არის კრება, რომელსაც შეადგენენ ურჩი მღვდელი ან ეპისკოპოსი და უმეცარი ხალხი"14.

ეკლესიის სიწმიდე შეუთავსებელია ცრუსწავლებასა და ერესებთან. ამიტომაც იცავს ეკლესია მკაცრად ჭეშმარიტების სიწმიდეს და თავისი გარემოდან თავადვე განკვეთს ერეტიკოსებს.

კათოლიკე [რედაქტირება]

ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს სლავურ თარგმანში ეკლესიას ეწოდება „საყოველთაო", ბერძნულად „კათოლიკე" (καθολικός). რას ნიშნავს ეს ბერძნული სიტყვა?

იგი ძველბერძნულ, ქრისტიანობამდელ ლიტერატურაში მეტისმეტად იშვიათად გვხვდება. მაგრამ ქრისტიანულმა ეკლესიამ ძველთაგანვე აირჩია ეს სიტყვა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისების - სამყაროსეული ხასიათის აღსანიშნავად.

ისეთი სიტყვები, როგორებიცაა - სამყარო (κόσμος) და - დასახლებული დედამიწა, მსოფლიო (οικουμενη), ცხადია, არასაკმარისი ამოჩნდნენ რაღაც ახალი, მხოლოდ ქრისტიანული ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ცნების გამოსახატად. სარწმუნოების ძველ სიმბოლოებში სიტყვას „ეკლესია" უეჭველად განსაზღვრავს სიტყვა „კათოლიკე". ასეა იერუსალიმის სიმბოლოში: „ერთი წმიდა, კათოლიკე ეკლესია", რომის სიმბოლოში: „წმიდა, კათოლიკე ეკლესია, წმიდანთა ერთობა" და ა.შ. ძველ ქრისტიანულ წერილობითს ძეგლებში ამ ტერმინს არაერთგზის იყენებს მოციქულთა მოწაფე, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი; მაგალითად: „სადაც იესო ქრისტეა, იქვე არის კათოლიკე ეკლესია". ეს ტერმინი გვხვდება ყველა მსოფლიო კრების აქტებში. ამ სიტყვის ზედმიწევნითი თარგმანია: ყოვლისმომცველობა, სისრულე თუ სისავსის უმაღლესი ხარისხი.

გარდა ამისა, გამოიყენებოდა ტერმინი οίκουμενικος მნიშვნელობით „მსოფლიო". მაგრამ ამ ორ ტერმინს ერთმანეთში არ ურევდნენ. მსოფლიო კრებებს ეწოდათ Οίκονμενίκη Σύνοδος (οίονμενικος - მთელი დასახლებული დედამიწიდან. ფაქტობრივად იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებზეც ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია იყო გავრცელებული).

ეკლესია კრებითია და კათოლიკე. მოციქულის სიტყვებით: იგი არის „აღვსებაი... რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (ეფ. 1,23). ეს ცნება მიუთითებს, რომ ცხონებისაკენ მოწოდებულია მთელი კაცთა მოდგმა და ამიტომ თითოეულს მართებს, გახდეს ქრისტეს ეკლესიის წევრი, თუმცა სინამდვილეში ყველა მას არ ეკუთვნის.

ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო" შეკითხვაზე: „რატომ ეწოდება ეკლესიას კრებითი ანუ კათოლიკე, ანუ საყოველთაო?" - პასუხობს: „იმიტომ, რომ იგი არ იფარგლება ადგილით, დროით, ხალხით, არამედ თავისთავში იტევს ყველგან და ყველა დროში მცხოვრებ ჭეშმარიტ მორწმუნეებს".

ეკლესია ადგილით შემოსაზღვრული არ არის. იგი მოიცავს დედამიწის ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს. მეორე მხრივ, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ეკლესია კრებითი ანუ კათოლიკე იყო მაშინაც, როცა მცირერიცხოვანი თემებისაგან შედგებოდა და მეერგასე დღესაც, როცა მისი საზღვრები სიონის მთასა იერუსალიმს არ გასცილებია.

ეკლესია არც დროშია განსაზღვრული: მისი დანიშნულებაა, მოაქციოს რწმენაში ადამიანი „ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა". „მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28,20). სული ნუგეშინისმცემელი „თქუენთანა დაადგრეს უკუნისამდე" (ინ. 14,16). ევქარისტიის საიდუმლო აღესრულება მანამ, „ვიდრემდის მოვიდეს" უფალი ისევ ამქვეყნად (I კორ. 11,26).

ეკლესია არ იზღუდება სამოქალაქო მოწყობის არც ერთი პირობით და არ არის დაკავშირებული რომელიმე ენასა თუ ხალხთან.

საყოველთაო [რედაქტირება]

ეკლესიას ეწოდება სამოციქულო, რადგან ისტორიულად მას მოციქულებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათვე გაავრცელეს ქრისტიანობა ქვეყნის კიდემდე და თითქმის ყველამ თავისი ნაქადაგები მოწამებრივი სიკვდილით დაამოწმა. ამქვეყნად ქრისტიანობის თესლი მათი სიტყვითა და მათ მიერ დათხეული სისხლის წყალობით ჩაითესა. პირადი რწმენის ძალით გააჩაღეს მათ სარწმუნოების ჩაუქრობელი ალი მთელს ქვეყნიერებაზე.

მოციქულებმა შემოინახეს და მთელს ეკლესიას გადასცეს სწავლება ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ცხოვრებაზე იმ სახით, როგორითაც თავიანთი მასწავლებლისა და უფლისაგან მიიღეს. მოციქულები სახარების მცნებების აღსრულების პირად მაგალითებს იძლეოდნენ. მათ ქრისტეს სწავლება ზეპირსიტყვიერად და წმიდა ნაწერების სახით გადასცეს მორწმუნეებს, რათა ამ უკანასკნელთ დაეცვათ იგი, ეღიარებინათ და მის შესაბამისად ეცხოვრათ.

მოციქულებმა უფლის მცნებებზე დაყრდნობით დაადგინეს საეკლესიო მღვდელმოქმედებანი, დასაბამი მისცეს ქრისტეს სისხლისა და ხორცის, ნათლისღებისა და ხელდასხმის საიდუმლოთა აღსრულებას.

მათვე დაადგინეს ეკლესიაში ეპისკოპოსობის მადლმოსილების მემკვიდრეობითი გადაცემა. ამის წყალობით ხდება მსახურების მადლმოსილების მემკვიდრეობით მიღება მთელი საეკლესიო იერარქიის მიერ, რომელიც მოწოდებულია იყოს მნე „საიდუმლოთა ღმრთისათა" (I კორ. 4,1).

მოციქულებმა განსაზღვრეს საეკლესიო ცხოვრების კანონიკური სტრუქტურის საფუძვლები და იზრუნეს, რათა ყველაფერი ყოფილიყო „ჯეროვნად და წესისამებრ" ამის მაგალითებს გვაძლევს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მე-14 თავი, რომელშიც შესულია მითითებანი საეკლესიო-საღვთისმსახურო შეკრებათა შესახებ.

ყოველივე ზემოთქმული ისტორიულ მხარეს განეკუთვნება. მაგრამ არსებობს მეორე, შიდა მხარეც, რომელიც ეკლესიას „სამოციქულოს" თვისებას ანიჭებს: მოციქულები არა მარტო იყვნენ, არამედ რჩებიან კიდეც და არსებობენ ქრისტეს ეკლესიაში. იყვნენ მიწიერში, ახლა არიან ზეციურში და აგრძელებენ ამქვეყნიურ მორწმუნეებთან ურთიერთობას. ისინი ეკლესიის ისტორიულ ბირთვს შეადგენენ. მოციქულები დღესაც აგრძელებენ ეკლესიის სულით ცოცხალ, თუმცა უხილავ ბირთვად ყოფნას და მარადის ასეთად დარჩებიან. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: „გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა" (I ინ. 1,3). ამ სიტყვებს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორიც მოციქულის თანამედროვეთათვის ჰქონდა, რადგან გვარიგებს - გვქონდეს კავშირი მოციქულთა დასთან, რომლებიც ჩვენთან შედარებით უფრო ახლოს არიან ყოვლადწმიდა სამებასთან.

მაშასადამე, ეკლესიის ისტორიული და შინაგანი მხარეებიდან გამომდინარე, მოციქულები მის დამაარსებლებად ითვლებიან. ამიტომაც არის ნათქვამი ეკლესიის შესახებ: „აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთაჲსა და წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, რომლისა თავ-საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ" (ეფ. 2,20). ეკლესიის წოდება „სამოციქულო" მიანიშნებს, რომ იგი დააფუძნა არა ერთმა მოციქულმა (რისი სწავლებაც დაიწყო რომის ეკლესიამ), არამედ თორმეტივემ ერთად: სხვა შემთხვევაში მას ერქმეოდა პეტრესი, იოანესი ან სხვა რომელიმე მოციქულის სახელი. თითქოს ეკლესია წინასწარ გვაფრთხილებდა, არ გვემსჯელა „ხორციელ" შეხედულებებზე დაყრდნობით: „მე პავლესი ვარ... მე აპოლოსი ვარ, მე კეფასი ვარ" (I კორ. 3,4). აპოკალიფსისში ზეცით გარდმომავალი ქალაქის შესახებ ნათქვამია, რომ მას „აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი" (გამოცხ. 21,14).

სარწმუნოების სიმბოლოში აღნიშნული თვისებები: ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო - ეხება მებრძოლ ეკლესიას, მაგრამ სრულ დატვირთვას ეს თვისებები ზეციური და მიწიერი ეკლესიების ქრისტეს ერთ სხეულში გაერთიანების გაცნობიერებისას იძენს: ეკლესია ერთია ზეციურ-მიწიერი ერთობით, წმიდა ზეციური-მიწიერი სიწმიდით, კათოლიკეა და სამოციქულო თავისი უწყვეტი კავშირით მოციქულებსა და ყველა წმიდანთან.

საეკლესიო იერარქია [რედაქტირება]

რისტეს ეკლესიის წევრები ღვთის ერთ სამწყსოს შეადგენენ - ყველა მოწოდებულია, ქრისტეში აღასრულოს თავისი ცხოვნების საქმე. ყველა თანასწორია ღვთის სამსჯავროს წინაშე. მაგრამ როგორც სხეულის ნაწილებს აქვთ ორგანიზმის სიცოცხლისათვის აუცილებელი განსხვავებული დანიშნულება; როგორც, სახლში, შენობაში თითოეულ დეტალს თავისი როლი აკისრია, ასევე ეკლესიაში არსებობს სხვადასხვა სახის მსახურება. ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის, უმაღლესი მსახურება იერარქიას ეკისრება. იგი გამოირჩევა რიგითი წევრობისაგან.

იერარქია დაადგინა უფალმა იესო ქრისტემ. „მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა" (ეფ. 4,11-13).

ეკლესიაში არავინ ადგენს თავისთავს იერარქიულ მსახურად - ამას მხოლოდ მოწოდებული და კანონიერად დადგენილი პირი ასრულებს ხელდასხმის საიდუმლოს საშუალებით. „არავინ თავით თჳსით მოიღოს პატივი, არამედ, რომელი წოდებულ არს ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ" (ებრ. 5,4). რა მაღალზნეობრივი ადამიანიც არ უნდა იყოს, მას არ შეუძლია იერარქიული მსახურების აღსრულება განსაკუთრებული განდობის გარეშე. შეუძლებელია პარალელის გავლება ზნეობრივი სიმაღლის ხარისხსა და იერარქიულ სიმაღლის ხარისხს შორის. აქ უნდა ვივარაუდოთ მათი სრული შესაბამისობა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.

მემკვიდრეობითობა და უწყვეტობა [რედაქტირება]

მოციქულებიდან მემკვიდრეობით მიღებული ეპისკოპოსობა და მისი უწყვეტობა ეკლესიის ერთ-ერთი არსებითი მხარეა. და პირიქით - მემკვიდრეობითობის გარეშე მიღებული ეპისკოპოსობა ამა თუ იმ ქრისტიანულ დენომინაციას ართმევს ჭეშმარიტი ეკლესიის თვისებებს, თუნდაც მას სწორი დოგმატური სწავლება გააჩნდეს. ეკლესია დაარსებიდანვე ამგვარად უდგებოდა ამ საკითხს. ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიიდან" ვიცით, რომ ძველად ყველა ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესია ინახავდა თავის ეპისკოპოსთა სიას, როგორც მემკვიდრეობითობის უწყვეტობის დამადასტურებელს.

„ჩვენ შეგვიძლია, - წერს წმ. ირინეოს ლიონელი, - ჩამოვთვალოთ ისინი, ვინც მოციქულებმა ჩვენამდე დაადგინეს ეპისკოპოსებად ეკლესიაში, და მათი მემკვიდრენი". და, მართლაც, იგი მემკვიდრეობითობის რიგით ჩამოთვლის რომის ეკლესიის ეპისკოპოსებს თითქმის II საუკუნის ბოლომდე. მემკვიდრეობითობის მნიშვნელობაზე იგივე შეხედულებას გამოთქვამსტერტულიანეც. იგი თავისი დროის ერეტიკოსებზე წერდა: „დაე, წარმოადგინონ თავიანთი ეკლესიების მთავრობანი და გამოაცხადონ ეპისკოპოსთა სია, რომელიც მემკვიდრეობით გრძელდებოდა ისე. რომ პირველი მათგანი დაედგინა მოციქულს, ანდა მისი წინამორბედი ყოფილიყო რომელიმე მოციქული ან მათ მოწაფეთაგან ვინმე, რომელსაც დიდხანს ჰქონდა ურთიერთობა მოციქულებთან. რადგან სამოციქულო ეკლესიები თავიანთ ეპისკოპოსთა სიას ზუსტად ასე ადგენენ. მაგალითად, სმირნის ეკლესია წარმოგვიდგენს პოლიკარპეს, რომელიც იოანემ დაადგინა: რომისა - პეტრეს მიერ ხელდასხმულ კლემენტეს. ასე და ამგვარად მიუთითებენ ეკლესიები თავად მოციქულთა მიერ ეპისკოპოსობაში აყვანილ პირებზე, როგორც მოციქულთა თესლიდან აღმოცენებულ შთამომავლობაზე".

ეკლესია, როგორც არქიტექტურული ნაგებობა [რედაქტირება]

მართლმადიდებლური ან კათოლიკური ეკლესია შედგება როგორც წესი საკურთხევლისა (მართლმადიდებლურში, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთით პირშექცეული) და მასთან ახლომდებარე სამლოცველო ნაწილისგან. პროტესტანტული ეკლესიების დიდ ნაწილში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლუთერანობასანგლიკანობასა და რამდენიმე მიმართულებას) საკურთხევლები არ არის.

ქალაქის ან მონასტრის მთავარ ეკლესიას ტაძარს უწოდებენ.

მართლმადიდებლურ არქიტექტურაში ეკლესიის გუმბათების რაოდენობას თავისი მნიშვნელობა აქვს. ერთი გუმბათი იქდგემა ერთარსი უფლის პატივსაცემად, სამი — სამების გამოსახატად, ხუთი — მაცხოვრისა და ოთხი ევანგელისტის, შვიდი — შვიდი საიდუმლოს, ცამეტი — მაცხოვრისა და 12 მოციქულის პატივსაყოფად.

ნანახია: 10000877 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 10.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9544
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels