ხოხის ქედი — კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდითი ქედი. მარადთოვლიან-მყინვარებიან თხემზე აღმართულია მწვერვალები:წითიხოხი (3905 მ), სივერაუტი (3768 მ), ჯიმარა (4780 მ), მაილი (4506 მ), სუათისი (4466 მ), ჩათა (4099 მ), მყინვარწვერი (5047 მ) და სხვ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც გამსჭვალულია დიაბაზების ძარღვებით. ღერძული ზონა გარღვეულია დიორიტებითა და ინტრუზიებით.
ხოხის ქედი კავკასიონის მთელი აღმოსავლური ნახევრის ყველაზე მაღალი და ყველაზე ვრცელი გამყინვარების მქონე ნაწილია. იგი მთავარ ქედთან გადაბმულია გარდიგარდმო სერით — არდონისა და თერგის წყალგამყოფით, რომელზეც თრუსოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 3150 მ) მდებარეობს. ხოხის ქედის მაღალი, მნიშვნელოვან დადაბლებებს თითქმის მოკლებული თოვლ-ყინულოვანი თხემი ძნელი გადასალახავია; აქ უღელტეხილები, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ალპინისტებისათვის არსებობს. აღმოსავლეთით ხოხის ქედი მყინვარწვერის მასივით თავდება. ქედზე მყინვარული, ძველმყინვარული, ვულკანური და ეროზიული რელიეფის ფორმებია. ქედზე ბევრი მყინვარია, მ.შ. გერგეტი, დევდარაკი, აბანო,მნა, ჩათა, სუათისი და სხვ.
დამახასიათებელია სუბალპური ტყეების, სუბალპური მდელოს, ალპური მდელოს, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.