ნუსხური, ქართული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა. პირველად სინის მრავალთავში (864) გვხვდება და XIX საუკუნის ბოლომდე განაგრძობს არსებობას. XI საუკუნიდან ნუსხურმა საბოლოოდ განდევნა ხელნაწერ ტეასტებში ასომთავრული. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში ნუსხურს, ისევე როგორც ასომთავრულს, ხუცური ჰქვია. ნუსხური უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკის განვითარების შედეგია, მაგრამ მოხაზულობებს თავისი დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს: ასოები ოთხხაზოვან სისტემაშია განაწილებული და გვერდზეა გადახრილი. დამწერლობის ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლა გამოწვეული იყო სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებით, რაც დროისა და მასალის ეკონომიას განაპირობებდა. თუ ასომთავრული ხელის რამდენჯერმე აღებით იწერებოდა, ნუსხურში ჩანს ერთიან, მარტივკონტურებიან ასოთა მოხაზულობების შექმნისაკენ სწრაფვა, რამაც საბოლოო სახემხედრულში მიიღო. ნუსხური კალიგრაფიის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული (X ს.), გელათის ოთხთავი (XII ს.), ვანის ოთხთავი (XII-XIIIსს.) და სხვა.
|