ფარნავაზიანები – პირველი ქართული სამეფო დინასტია, მართავდა იბერიის სამეფოს. დასაბამი მისცა ფარნავაზ I-მა.[1] დინასტიამ სახელწოდება მიიღო დამაარსებლის სახელის მიხედვით. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ფარნავაზიანების წარმომადგენლები სამეფო ტახტს ფლობდნენ ახ. წ. VI საუკუნემდე, თუმცა, „მეფეთა ცხოვრების" მიხედვით, III საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ტახტი დაიკავა ხოსროვიანთა დინასტიის წარმომადგენელმა, მირიან III-მ. შესაბამისად, ამ ნარატივის მიხედვით, ფარნავაზიანთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო მეფე ასფაგური.[2]