ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება - დააჯარიმოს თუ არა, გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს. თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (ფრანგ. Fédération Internationale de Football Association; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრიაფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში. თავდამსხმელი (წითელ მაისურში) არღვევს დაცვას (თეთრებში) და კარში დარტყმას აპირებს. მეკარე ეცდება შეუშალოს ხელი ბურთის კარში მოხვედრას.
|